მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, „ფერარის“ პილოტმა სებასტიან ფეტელმა შესაძლოა, 2019 წლის სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს რბოლები. ამის შესახებ დაწერა ჟურნალისტმა ჯო სეივუდმა.
„ასეთი ინფორმაცია გავრცელდა მონაკოს გრანპრის დროს. „რედ ბულში“ ოთხი ტიტულის მოგების შემდეგ, ფეტელმა წარმატების გადატანა „ფერარიში“ მოისურვა, მაგრამ ბევრი შეცდომა დაუშვა და დღეს სერიოზულ ზეწოლას განიცდის პერსპექტიული თანაგუნდელისგან, შარლ ლეკლერისგან“, – განაცხადა სეივუდმა.
მოგვიანებით, ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ დაწერა, რომ „ფერარიში“ ფეტელი, შესაძლოა, ვეტერანმა ესპანელმა ფერნანდო ალონსომ შეცვალოს.
წყარო ამტკიცებს, რომ ესპანელი პილოტი დაინტერესებულია „სამეფო რბოლებში“ დაბრუნებით, კერძოდ კი სწორედ „ფერარისთან“ შეერთებით.
შეგახსენებთ, რომ ალონსო ფორმულა 1-ში 2001-18 წლებში გამოდიოდა. ის მსოფლიოს ჩემპიონი იყო 2005 და 2006 წლებში.
ფეტელი 2010-13 წლებში ხდებოდა ჩემპიონი. მისი კონტრაქტი „ფერარისთან“ 2020 წლის ბოლომდეა ძალაში.
2019 წლის სეზონის შვიდი ეტაპის შემდეგ, ფეტელი მესამე ადგილზეა საერთო ჩათვლაში და ლიდერ ლუის ჰემილტონს 62 ქულით ჩამორჩება.