სებასტიან ფეტელი ბაჰრეინის ტესტებზე უკრაინის მხარდასაჭერი და ომის საწინააღმდეგო ჩაფხუტით გამოჩნდა #1TVSPORT
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, „ასტონ მარტინის“ პილოტმა სებასტიან ფეტელმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინას. ბაჰრეინში წინასასეზონო ტესტებზე გერმანელი ავტომრბოლი პროუკრაინული და ომის საწინააღმდეგო თემატიკის ჩაფხუტით იასპარეზებს.
ჩაფხუტზე გამოსახულია უკრაინის დროშა, წარწერა No War და მშვიდობის სიმბოლო მტრედი. ჩაფხუტის ზედა მხარეს კი დატანილია ჯონ ლენონის სიმღერის Imagine-ის ტექსტი.
შეგახსენებთ, რომ სებასტიან ფეტელმა თავიდანვე ხისტი პოზიცია დაიკავა რუსული აგრესიის მიმართ უკრაინის ტერიტორიაზე. თავდაპირველად, მან განაცხადა, რომ გმობს რუსეთის საქციელს და არ ჩავა რუსეთის გრანპრიზე. ამ სიტყვებიდან მეორე დრეს, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ რუსული ეტაპი გააუქმა. ამის შემდეგ კი გერმანელმა აღიარა, რომ ხოცვა-ჟლეტვამ უკრაინაში მის ხასიათსა და მოტივაციაზე იმოქმედა.
„მე არ ვარ გულგრილი იმის მიმართ, რაც უკრაინაში ხდება. ვფიქრობ, არსებობს გარკვეული საკითხები, რაზეც გაჩუმება არ შეიძლება.
ვერ წარმომიდგენია ამგვარი ტკივილი და უბედურება. უცნაური გრძნობაა, როცა დილით დგები და დღეს ახალი ამბებით იწყებ. რთულია საკუთარი თავის მოტივირება ფორმულა 1-ზე, როცა იცი, რომ არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია. იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები. ამგვარი სიტუაცია წარმოუდგენელია.
არ მგონია, რომ ასეთ სიტუაციებში არსებობდეს მოგებული მხარე. ეს აბსოლუტური შოკია და ვფიქრობ, შედეგი ყველასთვის გასაგებია.
დღეს ყველა საკუთარი თავით არის დაკავებული, მაგრამ ეს პრობლემა ყველაფერზე მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, სხვა პილოტები იზიარებენ ამ აზრს. მათი სხვა პოზიცია გამაკვირვებდა“, – განაცხადა ფეტელმა.