საზონოვმა, შესაძლოა, კვერნაძის „ფროზინონეს“ წინააღმდეგ ითამაშოს - ლოჩოშვილი იტალიის თასისთვის ბრძოლას აგრძელებს #1TVSPORT
იტალიის თასის 1/16-ფინალში ერთმანეთს ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი დაუპირისპირდება – საბა საზონოვის „ტორინო“ გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ უმასპინძლებს და ტურინელების ძირითად შემადგენლობაში, შესაძლოა, თავის გამოჩენის შანსი საბა საზონოვს მისცენ, – ინფორმაციას გამოცემა Frosinonenews-ი ავრცელებს.
„ტურინელებმა ჩემპიონატის ბოლო ტურში, „ლეჩესთან“ მოპოვებული 3 ქულის წყალობით ფსიქოლოგიური და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს. ამ მატჩში გუნდს ალესანდრო ბონჯორნო დაუბრუნდა, რომელსაც ტრავმის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა.
რაც შეეხება „ტორინოს“ შემადგენლობას და ტაქტიკურ მონახაზს – სავარაუდოდ, იურიჩი (ტურინელების მწვრთნელი) სასტარტო შემადგენლობას ოდნავ შეცვლის და 3-4-1-2 სათამაშო სქემას გამოიყენებს. შესაძლოა, დაცვაში საბა საზონოვმა ითამაშოს ბონჯორნოსა და როდრიგესთან ერთად“, – ამტკიცებს გამოცემა Frosinonenews-ი.
სერია A-ს გუნდების დაპირისპირება 2 ნოემბერს, თბილისის დროით 23:50 წუთზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის 1/16-ფინალში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ „ჩიტადელას“ უმასპინძლა და დამატებითი დროის ბოლო წუთზე გატანილი გოლით (2:1, ძირითადი დრო 1:1) 1/8-ფინალში გავიდა.
საქართველოს ნაკრების მცველი მოედანს დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. „კრემონეზე“ 1/8-ფინალში „სტადიო ოლიმპიკოზე“ „რომას“ ესტუმრება.