საზონოვმა სერია A-ში ითამაშა - „ტორინო“ გასვლით მატჩში „მილანს“ დაუზავდა #1TVSPORT
„ტორინოს“, სადაც საბა საზონოვი თამაშობს, სერია A-ს ახალი სეზონის სენსაციური გამარჯვებით დაწყება შეეძლო, მაგრამ ტურინელებმა „სან სიროზე“ „მილანთან“ ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მხოლოდ ქულა მოიპოვეს – 2:2.
საბა საზონოვი ტურინილების განაცხადში იყო, მოედანზე კი 89-ე წუთზე შევიდა. 30-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში მალიქ ტიავის ავტოლოგით გახსნეს, ხოლო 68-ე წუთზე დუვან ზაპატამ ფლანგური გადაცემა თავური დარტყმით დააგვირგვინა და „ტორინოს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
89-ე წუთზე „მილანის“ ახალწვეულმა, ევროპის ჩემპიონმა ალვარო მორატამ სხვაობა შეამცირა, 90+3-ე წუთზე კი ნოა ოკაფორმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაინაწილეს.