საზონოვით „ლაციო“ დაინტერესდა - გარიგება ლეგიონერებზე დაწესებულმა ლიმიტმა ჩაშალა #1TVSPORT
საზონოვით „ლაციო“ დაინტერესდა - გარიგება ლეგიონერებზე დაწესებულმა ლიმიტმა ჩაშალა #1TVSPORT

იყო შანსი, რომ სერია ა-ში კიდევ ერთი ფეხბურთელი წასულიყო საქართველოდან, მაგრამ ევროკავშირელზე დაწესებულმა ლიმიტმა გარიგება ჩაშალა.

საქმე ისაა, რომ „ლაციო“ საბა საზონოვით დაინტერესდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველის ტრანსფერზე მუშაობა გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული, მაგრამ იტალიაში ლეგიონერების ლიმიტის გამო გარიგება ამ ეტაპზე ჩაიშალა – ინფორმაციას გამოცემა Sport24 ავრცელებს.

„20 წლის საბა საზონოვის მიმართ იტალიური გუნდის ინტერესი Sport24-ს რომაულ კლუბთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა. საზონოვი იყო „ლაციოს“ სპორტული განყოფილების სიაში, მაგრამ მისი კანდიდატურა ჯერჯერობით უარყოფილია იტალიაში ლეგიონერების ლიმიტის გამო“, – ამტკიცებს გამოცემა.

ამავდროულად, Sport24 -ის ცნობით, „ლაციომ“ შესაძლოა განაახლოს ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მისი შემდგომი პროგრესის შემთხვევაში.

საბა საზონოვმა წელს გადაწყვიტა საქართველოს ნაკრების სახელით ეთამაშა (და არა რუსეთის) და ჩვენი ქვეყნის 21-წლამდელთა სახელით პორტუგალიის და თურქეთის ახალგაზრდული ნაკრებების წინააღმდეგ მოედანზე უკვე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკითხი, რომ ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების საფუძველზე, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში ქართველი სპორტსმენები და კონკრეტულად ფეხბურთელები ლეგიონერებად არ ჩაითვალონ, რაც ევროპულ ფეხბურთთან ჩვენს ქვეყნას დაახლოებს.