საზონოვი და სხვები - რუსეთის სახელით გამოსვლაზე უარი 19 სპორტსმენმა განაცხადა #1TVSPORT
საბა საზონოვის საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი რუსეთისთვის მტკივნეული გამოდგა. ეს არ იყო პირველი მსგავსი გადაწყვეტილება, მაგრამ როგორც გაირკვა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოდგა.
ამაზე მეტყველებს „ვერსიაში“ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც სწორედ საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების მცველის გადაწყვეტილებაზე ხაზგასმით იწყება.
ამ წერილში (სპორტსმენები ტოვებენ რუსეთს და იცვლიან მოქალაქეობას) კიდევ ორი სპორტსმენია ნახსენები, რომლებმაც საქართველოსთვის სასარგებლო არჩევანი გააკეთეს.
„ერთ-ერთმა უნიჭიერესმა ახალგაზრდა რუსმა ფეხბურთელმა, პეტერბურგელმა და სისხლით ქართველმა საბა საზონოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშს აპირებს. პარალელურად, საზონოვის თანაგუნდელმა არსენ ზახარიანმა სომხეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები უკანასკნელები არ არიან რუსი სპორტსმენების მზარდ სიაში, რომლებიც იცვლიან პასპორტს.
ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე უიმბლდონის ტურნირზე საქართველოს სახელით გავიდა. ხოლო 13 წლის პერსპექტიული ფიგურული მოციგურავე ინგა გურგენიძე საქართველოში გაემგზავრა. საერთო ჯამში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, 19 რუსმა მოციგურავემ შეიცვალა სპორტული მოქალაქეობა“, – წერს გამოცემა.
ამ სიაში არიან ველოსიპედისტი პაველ სივაკოვი, მოჭადრაკეები ევგენი რომანოვი და ანა კაშლინსკაია, მარათონში რუსეთის ხუთგზის ჩემპიონი სარდანა ტროფიმოვა, ბიატლონისტები ლიდია ჟურაუსკაიტე და დარია ვიროლაინენი, ჩოგბურთელები ანდრეი რუბლევი და დარია კასატკინა, ფიგურული მოციგურავე ნატალია ზაბიაკო…
ასევე ცნობილი გახდა, რომ ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა და სინქრონული ცურვის ცენტრის ხელმძღვანელმა ანასტასია დავიდოვამ ქვეყანა დატოვა.
სპორტსმენების უმეტესობის წასვლის მიზეზი მარტივი ასახსნელია. მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა სპორტულ ფედერაციებს, რომ არ დაუშვან რუსი და ბელარუსი სპორტსმენებს რაიმე შეჯიბრებაში მონაწილეობა, მათთვის საერთშორისო სარბიელი დაიხურა.