ლაგოდეხის საფეხბურთო აკადემიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული 2020 წლის გოგონათა საზაფხულო ბანაკი (WePlayStrong) დასრულდა.
27 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით, აკადემიამ 15 წლამდე 60 ფეხბურთელ გოგონას უმასპინძლა. გოგონებს საზაფხულო ბანაკის დახურვაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ესტუმრა, საკუთარი საფეხბურთო კარიერის შესახებ უამბო და გამოცდილება გაუზიარა.
დღის ბოლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა საზაფხულო ბანაკის მონაწილე გოგონებთან ერთად ივარჯიშეს და ფეხბურთი ითამაშეს.
მთელი კვირის განმავლობაში საზაფხულო ბანაკში გოგონებს საფეხბურთო ვარჯიშებს უტარებდნენ და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები.
სფფ-ის ხელმძღვანელებთან ერთად საზაფხულო ბანაკს UNFPA-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ეწვია. ამ ორგანიზაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობის ფარგლებში საზაფხულო ბანაკის მიმდინარეობისას UNFPA-ის წარმომადგენლებმა გოგონებს გენდერის თემაზე ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარეს. მათივე მოწვევით, გოგონებს მწერალი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე შეხვდა.
გოგონების საზაფხულო ბანაკი უეფა-ს საკომუნიკაციო პროექტის WePlayStrong Together-ის ფარგლებში წელს მეორედ იმართება. მთელი წლის განმავლობაში კი გოგონებს ფეხბურთის უფასოდ შესაწვალის შესაძლებლობა აქვთ. პროექტის მთავარი მიზანი ქართულ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი გოგონას მოზიდვა და ქალთა ეროვნული ჩემპიონატის და გოგონათა ფეხბურთის განვითარებაა.