საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი - პრიორიტეტი ბაზისა და რეგიონებში აუზების აშენებაა
ალექსანდრე ნიკოლაიშვილი საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას ოთხი წელი უხელმძღვანელებს. საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკზე“ გამართულ საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ყრილობაზე ის ერთხმად აირჩიეს.
ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა საქართველოს პირველ არხთან კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე ილაპარაკა.
„ჩემი პრეზიდენტობის პერიოდის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს საწყლოსნო სახეობებს, წყალბურთელთა ნაკრებს, მოცურავეებს, სინქრონულ მოცურავეებსა და წყალში მხტომელებს საკუთარი ბაზა ჰქონდეთ. დღეს საქართველოში რეალურად მხოლოდ ერთი სტანდარტული დახურული აუზია – „ოლიმპიკი“. ოლიმპიურ სოფელში ძალიან კარგი აუზია, მაგრამ ზამთარში მისი გამოყენება ვერ ხერხდება. საკუთარი ბაზა კი მათ სრულყოფილი მომზადების საშუალებას მისცემს“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტი.
ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა სახეობის განვითარების სხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზეც ილაპარაკა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საცურაო აუზები ყველა დიდ ქალაქში გაიხსნას – ქუთაისში, ბათუმში, რუსთავი, ფოთში, ზუგდიდში, გორში, ზესტაფონში. ამით წყალბურთი უფრო მასობრივიც გახდება და დარწმუნებული ვარ, ბევრი ნიჭიერი მოთამაშე და სპორტსმენიც გამოჩნდება“.