სავიო მორეირა დე ოლივეირა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გახდება #1TVSPORT
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა, „მანჩესტერ სიტიმ“ ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა. ინგლისური გუნდის რიგებში ივნისიდან სავიო მორეირა დე ოლივეირა ჩაირიცხება.
სავიო ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის, „ჟირონას“ ღირსებას იჯარის წესით იცავს. 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტი“ 30 მილიონ ევროს ფრანგულ „ტრუას“ გადაუხდის, რომელიც ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს ფლობს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ჟირონაც“ „ტრუაც“ და „მანჩესტერ სიტიც“ City Football Group-ს ეკუთვნის. ეს არის ორგანიზაცია, რომლის აქციების 81%-საც აბუ დაბის საინვესტიციო ფონდი მართავს და მათი ქოლგის ქვეშ მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე სპორტული ორგანიზაცია შედის.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „ჟირონას“ შემადგენლობაში 25 შეხვედრა ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.