სავარაუდოდ, კვარაცხელია „ნაპოლიში“ 23 ნომრით ითამაშებს - ჯერ არ ჩარიცხულა, საქართველოში კი მისი იტალიური მაისურებით დადიან #1TVSPORT
იტალიური გამოცემა napolitoday საინტერესო და სახალისო ამბავს ავრცელებს – საუბარია ფოტოზე, რომელზეც ქართველი გულშემატკივარი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მაისურით არის.
ეს სურათი ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „დინამო-არენაზეა“ გადაღებული, სადაც „დინამო თბილისმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა.
კვარაცხელია – საქართველოში უკვე არიან ისეთები, ვინც მისი „ნაპოლის“ მაისურით დადის
„საინტერესო ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელები შემოიარა. ფოტო Twitter-ზე GeorgianFooty-მა გაავრცელა. ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც 2022-2023 წლების სეზონში „ნაპოლის“ პირველი ახალწვეული გახდება, ნეაპოლურ კლუბში ჯერ ერთი წუთიც არ უთამაშია და საქართველოში უკვე არიან ისეთები, ვინც მის მაისურს ატარებს. Georgian Footy-ის ტვიტერზე საინტერესო ფოტო გამოქვეყნდა, რომელშიც 23-ნომრიანი „ნაპოლის“ მაისურზე ახალგაზრდა ქართველ გულშემატკივარს ზურგზე კვარაცხელიას გვარი აწერია“, – წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლურ კლუბში გადასვლა გადაწყვეტილია. იტალიური გამოცემების მტკიცებით, „ნაპოლიმ“ ქართველი თავდამსხმელისთვის ბრძოლა „ტოტენჰემს“ მოუგო.