გიანის ანტეტოკუნმპო წელს უკვე ზედიზედ მესამედ მოხვდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) საუკეთესო მოთამაშეთა სიაში.
ბერძენი ვარსკვლავი წლის საუკეთესო კალათბურთელის (MVP) ტიტულის მოპოვების მთავარი კანდიდატიც გახლავთ. აქედან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ მილუოკის ლიდერი მომავალი სეზონის დაწყებამდე სოლიდურ კონტრაქტს გააფორმებს.
„ი ეს პი ენის“ (ESPN) ჟურნალისტი ბობი მარკსი იუწყება, რომ გიანისს მილუოკი $247-მილიონიან ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში რეკორდული იქნება. ამ დრომდე ფინანსურად ყველაზე მომგებიანი კონტრაქტი რასელ ვესტბრუკს აქვს გაფორმებული ($205 მილიონი).