გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია – საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე ეს სამწუხარო ამბავი ბელგიურმა გამოცემა „ნიუსბლადმა“ დღეს გაავრცელა.
„გენტის“ ლაზარეთში ლორან დეპუატრეს (რომელსაც კუნთი აქვს დაწყვეტილი) ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ შეუერთდა. მას ართროსკოპიის დროს მუხლის ნაწიბუროვანი ქსოვილი ამოუღეს. გუნდის ცნობით, ჩაკვეტაძემ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ტრავმებს, რეაბილიტაცია უკვე დაიწყო“, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ოქტომბრის სანაკრებო მატჩები სწორედ მუხლის ტკივილის გამო გამოტოვა. საქართველოს ნაკრების თამაშებამდე სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, გუნდში თამაში ითხოვა, სადაც ტრავმა გაურთულდა და შეკრებაზე ვარჯიში ვეღარ მოახერხა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას თბილისის „დინამო-არენაზე“ უმასპინძლებს – როგორც ჩანს, „ჯვაროსნებს“ ვერც ამ მატჩში დაეხმარება გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც დიდი როლი ითამაშა, ჩვენმა ნაკრებმა ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ჯგუფი რომ მოიგო.