სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა
სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა. ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელშიც ფონდის მისიის ვიზიტია შეჯამებული.

საფინანსო ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5 პროცენტი იქნება (წინა პროგნოზით 5.5 პროცენტი), მომავალ წელს კი 4.6 პროცენტი (წინა პროგნოზით 4.8 პროცენტი). ფონდში აცხადებენ, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი შერბილდა, თუმცა სტრუქტურული რეფორმების შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ზრდის დაჩქარება არის მოსალოდნელი.

„2018 წლის ივლისამდე ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა ძირითად სავაჭრო პარტნიორთა მაღალი ზრდისა და აქტიური ადგილობრივი მოთხოვნის გამო. თუმცა, ეს ფაქტორები ბოლოხანს შერბილდა. შესაბამისად, ჩვენ შევამცირეთ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა.

მისივე თქმით, ეკონომიკაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია.

„ეს ძირითადად უკავშირდება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, განვითარებად ბაზრებში არსებულ რყევებს, ქვეყანათაშორის ინტეგრაციისა და გლობალური ზრდის ტემპის შენელებას. ამასთან, ფინანსური სფეროს ახალი რეგულაციების გამო დაკრედიტების ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელებამ, შესაძლოა, ეკონომიკის ზრდა დროებით შეამციროს. რისკების გათვალისწინებით აუცილებელია გაცვლითი კურსის მოქნილობის გაგრძელება, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება ბუფერების/რეზერვების ზრდის მიმართულებით და ფინანსური სექტორის ჯანსაღი პოლიტიკის გატარება“, – აღნიშნა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.