მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ადგილობრივ და ინგლისის ეროვნულ გუნდებს შორის მიმდინარე მატჩის დროს, ტრიბუნებიდან რასისტული შეძახილები ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. შეურაცხმყოფელი ეპითეტები ძირითადად მიმართული იყო ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების, რაჰიმ სტერლინგისა და დენი როუზის მიმართ და ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი გერეტ საუთგეიტი აცხადებს, რომ ყველაფერი აუფილებლად ეცნობება უეფა-ს.
„ეს მიუღებელია. მე თავად გავიგონე, როგორ მიაყენეს შეურაცხყოფა დენი როუზს“, – განაცხადა საუთგეიტმა. – „ეჭვი არ მაქვს, რომ ეს სწორედ რასისტული შეძახილები იყო. მე ვიცი, რაც გავიგონე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ფეხბურთელების მხარდაჭერა და შესაბამის ორგანიზაციებს შევატყობინოთ ამ ინციდენტების შესახებ“.
მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით, 1-5 დასრულდა. ერთ-ერთი გოლის აღნიშვნისას, რაჰიმ სტერლინგი ტრიბუნების იმ ნაწილისკენ შეტრიალდა, საიდანაც რასისტული შეძახილები ისმოდა, ყურებზე ხელები მოიკიდა და მაიმუნი განასახიერა. მოგვიანებით, მან ეს ფოტო ტვიტერის საკუთარ გვერდზე ატვირთა და კომენტარი დაურთო: „რასისტების გაჩუმების საუკეთესო ხერხი“.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა 1984 წლის შემდეგ, როდესაც ინგლისელებმა ზედიზედ ორ მატჩში გაიტანეს მინიმუმ ხუთი გოლი. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში მათ ჩეხეთის ეროვნული ნაკრები 5-0 დაამარცხეს.