საუკეთესო ახალგაზრდებს იტალიაში წავიყვანთ - „ორბისა“ და „ნექსტ სტეპ აკადემიის“ ერთობლივი კემპი დასრულდა #1TVSPORT
საუკეთესო ახალგაზრდებს იტალიაში წავიყვანთ - „ორბისა“ და „ნექსტ სტეპ აკადემიის“ ერთობლივი კემპი დასრულდა #1TVSPORT

საკალათბურთო კლუბ „ორბის“ ინიციატივით, თბილისში იტალიური „ნექსტ სტეპ აკადემიის“ (NEXT STEP ACADEMY) მწვრთნელები ჩამოვიდნენ, რომლებმაც ქართველ მწვრთნელებთან ერთად 4-დღიანი კემპი ჩაატარეს. „ნექსტ სტეპ აკადემია“ იტალიური საკალათბურთო სკოლების ქსელია, რომელთა ცენტრებიც გენუაში და ბოლონიაშია.

აკადემიის გუნდები იტალიის ყველა ასაკობრივ ლიგაში თამაშობენ. გარდა ამისა, მათი კლუბი იტალიის სერია ბ-ში ასპარეზობს. ძირითადი გუნდი 20-წლამდე მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. კემპის მიზანი იყო ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა და მათთვის იტალიურ აკადემიაში შანსის მიცემა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის „ნექსტ სტეპ აკადემიის“-ში 4 ქართველი კალათბურთელი ვარჯიშობს. იტალიური აკადემია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს ნიჭიერ მოთამაშეებს და ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზეც გააქტიურდა.

„დიდი ხანია ვმუშაობ „ნექსტ სტეპ“ აკადემიაში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტალანტებს ეძებს. ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა საკალათბურთო კლუბ „ორბთან“, რათა საქართველოში ნიჭიერ ბავშვებს დავაკვირდეთ. საკმაოდ ბევრი საინტერესო კალათბურთელი აღმოვაჩინეთ. თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ, საუკეთესო ახალგაზრდებს კი სამომავლოდ, იტალიაში წავიყვანთ“, – ამბობს „ნექსტ სტეპ“ აკადემიის მთავარი მწვრთნელი პეტო ოგანოვიჩი.