საუდის არაბეთის სპორტის სამინისტრო საფეხბურთო კლუბებს ტრანსფერებისთვის 19.7 მილიარდ დოლარს გამოუყოფს #1TVSPORT
ჟურნალისტის, ბენ იაკობსის ინფორმაციით, საუდის არაბეთის სპორტის სამინისტრო ქვეყნის საფეხბურთო კლუბებს ტრანსფერებისთვის 19.7 მილიარდ დოლარს დაუმტკიცებს, პროექტი კი 2030 წლამდე იქნება გათვლილი.
ამ მონაცემით, საუდის არაბეთის უმაღლესი ლიგის კლუბებს შესაძლებლობა ექნებათ, წელიწადში 2.8 მილიარდი დოლარი დახარჯონ ფეხბურთელთა ტრანსფერებზე.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ალ ჰილალი“ კილიან მბაპეს სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენს“ 300 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ფეხბურთელმა საუდის არაბეთში თამაშზე უარი თქვა.
პირველი ვარსკვლავი, რომელმაც არაბული სახელმწიფოს საფეხბურთო ჩემპიონატს მიაშურა, კრიშტიანო რონალდო იყო. მას „ალ-ნასრი“ სეზონში 200 მილიონ ევროს უხდის.
მიმდინარე ზაფხულში საუდის არაბეთში ასევე გადავიდა „ოქროს ბურთის“ მოქმედი გამარჯვებული კარიმ ბენზემა. „ალ იტიჰადმა“ 35 წლის ფრანგ ფეხბურთელთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, იგი 600 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.
მომავალი სეზონიდან „საუდის პრო ლიგაში“ ასევე ითამაშებენ: ნ’გოლო კანტე, რობერტო ფირმინო, სადიო მანე, რუბენ ნევეში, ალან სენტ-მაქსიმინი, კალიდუ კულიბალი, ედუარდ მენდი, მარსელო ბროზოვიჩი, ჟოტა, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, სეკო ფოფანა, ფაბინიო, ჯორდან ჰენდერსონი და ევროპული გუნდებისთვის ცნობილი სხვა ვარსკვლავები.