მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩში რუსეთთან 0:5 განადგურების შემდეგ, საუდის არაბეთის ნაკრები მკაცრად გააკრიტიკეს. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ადელ იზათმა განაცხადა, რომ ნაკრების მოთამაშეებს დისციპლინარული სასჯელი ელოდებათ დიდი ანგარიშით წაგების გამო. ხელმძღვანელობა არ ელოდა ასეთ ფიასკოს, ამიტომაც, ფეხბურთელები დაისჯებიან.
“შედეგი ძალიან არადამაკმაყოფილებელია. ის საერთოდ არ ასახავს მზადების პროგრამას, – განაცხადა იზათმა. – რამდენიმე ფეხბურთელი, მაგალითად, მეკარე აბდულა ალ-მუაიუფი, მცველი ომარ ჰავსავი და ფორვარდი მოჰამედ ალ-საჰლავი დაისჯებიან თამაშის ცუდი ხარისხის გამო”.
ფიასკოს გამოეხმაურა საუდის არაბეთის სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელი თურქი ალ აშ-შეიხი. მისი თქმით, გუნდის მომზადებაში დიდი თანხები ჩაიდო, შედეგი კი ძალიან ცუდი აღმოჩნდა.
“ფეხბურთელებმა ჩემი რეპუტაცია შელახეს, შემარცხვინეს. სრული კრახი განვიცადე. ეს არის იმ მოთამაშეთა პოტენციალი, რომლებისთისაც მწვრთნელების საუკეთესო გუნდი დავიქირავეთ?! სამწუხაროდ, ესაა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ამ თაობას შეძლებია”, – განაცხადა აშ-შეიხმა.