შესაძლოა, რუსეთში მალე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდეს, ხოლო ერთმა ეს ქვეყანა დატოვოს. საუბარია, საბა კვირკველიასა და ნიკა კაჭარავაზე.
კვირკველია საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის” მცველია. matchtv.ru-ზე კომენტატორი ნობელ არუსტამიანი არ გამორიცხავს, რომ 26 წლის ქართველმა მცველმა ზაფხულში რუსეთის პრემიერლიგიდან ევროპაში გადაინაცვლოს.
„ჩემი ინფორმაციით, კვირკველიას კონტრაქტში წერია, რომ პირველი ივლისიდან შეუძლია, კლუბი 3.6 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში დატოვოს. ის რუსეთის ლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა და „ლოკომოტივი” ახალ ხელშეკრულებას თუ არ გაუფორმებს, მსურველები მრავლად გამოუჩნდება. მისით ევროპის ტოპ-ჩემპიონატების საშუალო გუნდები დაინტერესდნენ. 3.6 მილიონი ევროს სანაცვლოდ კი, თავისუფლად შეუძლია ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში ან გერმანიაში წავიდეს. შესაძლოა, წინადადებით რუსულმა კლუბებმაც მიმართონ, რადგან 3.6 მილიონი ასეთი ფეხბურთელისთვის სასაცილო თანხაა”, – ამბობს რუსი კომენტატორი.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრემიერლიგაში ნიკა კაჭარავას იწვევენ და ეს ტრანსფერი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.
კვიპროსული გამოცემა protathlima.com ამტკიცებს, რომ „ანორთოსისმა” მოსკოვის „სპარტაკთან” საქართველოს ნაკრების 25 წლის თავდამსხმელის ტრანსფერი შეათანხმა და რომ რუსული კლუბი კვიპროსელებს 700,000 ევროს გადაუხდის.