სატრანსფერო სიახლეები | „იბერიამ“ 20-წლამდელთა აფრიკის თასის სიმბოლურ ნაკრებში დასახელებული მცველი დაიმატა - „ლოკომოტივში“ წულუკიძე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოში საფეხბურთო სეზონი დაიწყო, მაგრამ სატრანსფერო „ფანჯარა“ ჯერ არ დახურულა და გუნდებმა კიდევ რამდენიმე საინტერესო მოთამაშე დაიმატეს.
სეზონის განახლებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისის „ლოკომოტივს“ ლუკა წულუკიძე შეუერთდა – 19 წლის ნახევარმცველი, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგის „ურალთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და საქართველოში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა.
ლუკამ „ლოკომოტივში“ სადებიუტო თამაში „ვიტ ჯორჯიასთან“ ჩაატარა. ზესტაფონში დაბადებული ფეხბურთელი „იბერიას“ (ყოფილი „საბურთალო“) აღზრდილია. ვარჯიშობდა ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში. იყო საქართველოს 16, 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ლიდერი.
ლუკა მოსამზადებელი პერიოდის დაწყებიდან გორის „დილაში“ ვარჯიშობდა, მაგრამ პირობებზე ვერ შეთანხმდა და გუნდი დატოვა. საბოლოოდ, მისაღები კონტრაქტი თბილისურ კლუბში შესთავაზეს და დარჩენა გადაწყვიტა.
ახალი ფეხბურთელია „სამტრედიაშიც“ – ბრაზილიელი ლეო ასუნსაო, „ლონდრინას“ აღზრდილი, რომელიც ბოლოს პარანას შტატის ჩემპიონატში, „პარანაში“ თამაშობდა. თითქმის ორი მეტრი სიმაღლის (197 სმ) 21 წლის ცენტრალურმა მცველმა „სამტრედიასთან“ საიჯარო კონტრაქტი გააფორმა, რომელიც წლის ბოლოს მთავრდება.
„იბერიამ“ კი სოლომონ აბგალაკა დაიმატა – ნიგერიული კლუბის, „ბროდ სიტის“ გაზრდილი, რომელიც მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. თბილისური გუნდის ახალწვეული ბოლოს რუსეთის პრემიერლიგის „სოჭში“ გამოდიოდა.
საინტერესო ფაქტია: აგბალაკამ 2023 წელს 20-წლამდელთა აფრიკის თასზე ითამაშა ნიგერიის ნაკრებში, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა, „იბერიის“ ახალწვეული კი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. შემდეგ ითამაშა 2023 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ნიგერია მეოთხედფინალში გავიდა.