ზაფხულის სატრანსფერო სეზონის პირველივე დღეს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა.
დეანჯელო რასელი მომავალი სეზონიდან „გოლდენ სტეიტში“ ითამაშებს. ის „ვორიორზთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და $117 მილიონ დოლარს მიიღებს; ტობაიას ჰარისმა „ფილადელფიასთან“ ახალი, ხუთწლიანი და $180-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა; „სიქსერსის“ ახალ შენაძენს ალ ჰორფორდი წარმოადგენს. დომენიკელი ოთხი წლის განმავლობაში $109 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
საკუთარ ამჟამინდელ გუნდთან გაახანგრძლივა ხელშეკრულება კიდევ რამდენიმე კალათბურთელმა. მაგალითად, ტერენს როსი „ორლანდოში“ კიდევ ოთხი წელი დარჩება და ამ დროის განმავლობაში $54 მილიონ დოლარს მიიღებს. დიდი ალბათობით, ჯიმი ბატლერი „მაიამი ჰითში“ გადავა. ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია.
„ნიუ ორლეანის“ კალათბურთელი ჯულიუს რენდლი კი „ნიუ იორკში“ გადავიდა და მას სამწლიანი და $63-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
„მინესოტას“ აწ უკვე ყოფილი გამთამაშებელი დერიკ როუზი „დეტროიტში“ ითამაშებს. ორი წლის განმავლობაში როუზი $15 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. გუნდის შეცვლას არ აპირებს კრის მიდლტონი, რომელიც „მილუოკისთან“ სავარაუდოდ ახალ ხუთწლიან შეთანხმებას მიაღწევს და $178 მილიონ დოლარს მიიღებს.