სეზონი დასრულდა და გუნდებში საკადრო სიახლეების დრო დადგა. პირველი სიახლე ქობულეთის „შუქურამ“ დაადასტურა – ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული გუნდი თავდამსხმელმა დავით ჯიქიამ დატოვა.
„დავით ჯიქიამ ქობულეთის „შუქურა“ დატოვა. კლუბი მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს დავითს და შუქურაში გატარებული პერიოდისთვის მადლობას ვუხდით მას“, – წერია ქობულეთური კლუბის გავრცელებულ ინფორმაციაში.
25 წლის თავდამსხმელი თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილია. იყო თბილისის „დინამოს“, „სამტერდიასა“ და „საბურთალოს“ ფეხბურთელი. უთამაშია ყველა ასაკობრივ ნაკრებში.
ჯიქია ქობულეთის „შუქურაში“ წელს გადავიდა და 18 მატჩი ჩაატარა. 25 წლის თავდამსხმელმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ანგარიშზე ხუთი შედეგიანი საგოლე გადაცემა ჩაიწერა, რაც ეროვნულ ლიგა 2-ში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. სად აპირებს ჯიქია კარიერის გაგრძელებას, ჯერ უცნობია.