სასწაული ბათუმის „დინამოსგან“ - გეგუჩაძის გუნდმა „ბატე“ 4:1 დაამარცხა და კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზეა [ვიდეო] #1TVSPORT
კონფერენცლიგის მეორე შესარჩევ ეტაპის განმეორებით მატჩში ბათუმის „დინამო“ ბორისოვოში „ბატეს“ ესტუმრა და მშვენიერი თამაშის წყალობით დაამჯერებლად გაიმარჯვა.
ბათუმში გამართული პირველი მატჩი ბელარუსებმა 1:0 მოიგეს და უპირატესობა მიიღეს. მაგრამ ამჯერად გია გეგუჩაძის გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. პირველი რეალური საგოლე მომენტი 33-ე წუთზე შექმნა, თუმცა გიორგი ზარიას დარტყმული ბურთი მცველმა კარიდან გამოიტანა, დამატებაზე ჯაბა ჯიღაურის დარტყმა მეკარემ მოიგერია. 39-ე წუთზე კი ზარიამ მორიგი საგოლე მომენტი შექმნა – ბათუმელთა შემტევმა საჯარიმო ჩინებულად შეასრულა და ბორისოვოს გუნდი ძელმა გადაარჩინა.
ამდენი გამოუყენებელი მომენტისთვის ბათუმელები დაისაჯნენ – 45+2-ე წუთზე, საჯარიმოში მეკარემ და მცველმა შეუთანხმებლად ითამაშეს, ევგენი იაბლონსკიმ კი ახლოდან ცარიელ კარში გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისი ბათუმელებმა კარგად დაიწყეს, 48-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, რომელიც ლადო მამუჩაშვილმა გოლად გარდასახა და ბათუმელებმა გამარჯვების იმედი დაიბრუნეს.
სტუმრებმა მეორე ტაიმში კიდევ შექმნეს არაერთი სახიფათო მომენტი და 59-ე წუთზე მიზანს მიაღწიეს, გოგა ჩაბრაძის მშვენიერი გადაცემით ჯოვინო ფლამარიონმა ისარგებლა და ბათუმის „დინამო“ დააწინაურა 2:1. 74-ე კი ირაკლი აზაროვმა ბელარუსების კარი მესამედ ულამაზესი დარტყმით აიღო, 90+4-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ ბელარუსებს მეოთხეც გაუტანა.
საბოლოოდ, შეხვედრა ბათუმელთა სასარგებლოდ 4:1 დასრულდა და გია გეგუჩაძის გუნდი კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა.