სასტარტო ხუთეული და დაძაბული მეოთხე პერიოდი - მწვრთნელი გოგა ბითაძეს ბოლომდე ენდო [ვიდეო] #1TVSPORT
გოგა ბითაძემ NBA-ში მორიგი მატჩი გამართა „ინდიანა პეისერსის“ სასტარტო შემადგენლობაში. მისმა გუნდმა ნიუ ორლეანში „პელიკანსთან“ დაძაბულ ბრძოლაში 113:117 დათმო.
„პეისერსს“ წინა ხაზის ორი ლიდერი აკლდა – დომანტას საბონისი და მაილს ტერნერი. თუმცა ვინც თამაშს მიადევნა თვალი, დაგვეთანხმება, რომ გოგამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ „ინდიანას“ ლიდერების არყოფნა არ დატყობოდა.
საბოლოოდ ქართველმა ცენტრმა 22 წუთი ითამაშა, 12 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. მის ანგარიშზე 5 ფოლი და 3 შეცდომა დაფიქსირდა. ბითაძემ 6-6 ორქულიანი და საჯარიმო სტყორცნა და 4-4 ჩააგდო.
მისაღები სტატისტიკაა, თუმცა აქ მთავარი ის გახლდათ, რომ მეტისმეტად დაძაბულ შეხვედრაში მწვრთნელი რიკ კარლაილი ბითაძეს ბოლომდე ენდო. მეოთხე პეიოდი თითქმის შეუცვლელად ათამაშა.
გადამწყვეტი რაუნდის დასაწყისში „პელიკანსი“ 86:79 დაწინაურდა, თუმცა „ინდიანამ“ მალევე მოახერხა დაწევა და ბოლო წამებამდე თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე კრის ლავერტმა სამქულიანი ჩააგდო და „პეისერსმა“ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა საპასუხო შეტევებში მასპინძლებმა საჯარიმოს ხაზიდან ბოძებული შანსი ხელიდან არ გაუშვეს და, როგორც მოგახსენეთ, 117:113 გაიმარჯვეს.
„ინდიანას“ მომდევნო მატჩი შარლოტში „ჰორნეტსთან“ 27 იანვარს ელის.