სასიამოვნო მოულოდნელობა - ბათუმის სტადიონს დაგეგმილზე ადრე გახსნიან
სასიამოვნო მოულოდნელობა - ბათუმის სტადიონს დაგეგმილზე ადრე გახსნიან

„მოედნის მშენებლობა დასკვნით ფაზაზე გადავიდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები და ვგეგმავთ მოედნის საფარის დაგებას“, – ინფორმაციას ბათუმის სტადიონის დამკვეთი, შპს სტადიონი – ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ შპს სტადიონის მენეჯმენტი შეხვდა მშენებელი კომპანიის „ანაგის“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას წარმომადგენლებს და მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს.

შპს სტადიონი მშენებლობის ნაადრევად დასრულებას აანონსებს: „უკვე შესრულებული სამუშაოები სრულად შეესაბამება უეფას სტანდარტებსა და მოთხოვნებს. მიმდინარე ტემპიდან გამომდინარე, ვგეგმავთ სტადიონის მშენებლობის დასრულებას იმაზე ადრე, ვიდრე ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული“.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გახსნა 2020 წლის ოქტომბერში იყო დაგეგმილი. მაგრამ მშენებლობის ტემპი გრაფიკს ისე ასწრებს, რომ სტადიონის ადმინისტრაციის ცნობით, სავარაუდოდ, არენა თამაშების მისაღებად იანვარში მზად იქნება.

სტადიონს კომპანია „ანაგი“ აშენებს, ხოლო დამკვეთი შპს „სტადიონია“. მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, უეფა-ს IV კატეგორიის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს და 20 000 მაყურებელზე გათვლილი ტიპური საფეხბურთო არენა იქნება.