საშობაო ტური ნბა-ში, "გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდი" 7 ქულის სხვაობით დაამარცხა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში შობის დღესასწაულთან ერთად რეგულარული სეზონის 4 საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური მატჩი “ორაკლ არენაზე” ჩატარდა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” სტეფ კარისა და ზაზა ფაჩულიას გარეშე “კლივლენდ კავალიერსს” უმასპინძლა და მეტოქეს საკმაოდ იოლად 7 ქულის სხვაობით 99-92 სძლია. სტივ კერის გუნდში საუკეთესო 25 ქულით კევინ დიურანტი გამოდგა. 24 ქულა დააგროვა კლეი ტომპსონმა. დრეიმონდ გრინმა 12 ქულით, 12 მოხსნითა და 11 პასით სამმაგი დუბლი გაიფორმა. კლივლენდელთა რიგებში 31 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა კევინ ლავს. ლებრონ ჯეიმსმა კი პირად აქტივში 20 ქულა ჩაიწერა. “ბოსტონ სელტიკსმა” საკუთარ “თი დი გარდენში” “ვაშინგტონ ვიზარდს” უმასპინძლა და მეტოქესთან 8 ქულის სხვაობით 103-111 დამარცხდა. სტუმართა შორის საუკეთესოები ბრედლი ბილი და ჯონ ვოლი იყვნენ, რომლებმაც ჯამში 46 ქულა შესძინეს საკუთარ გუნდს. ბილის ანგარიშზე 25 ქულაა, ჯონ ვოლმა კი 21 ქულითა და 14 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა მარჩინ გორტატს, რომელმაც 11 ქულით და 10 მოხსნით დაასრულა შეხვედრა.