სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების აღდგენის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების აღდგენის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობებზე იმსჯელა.

ბრალდების მხარე ითხოვდა, საქმისათვის დაერთოთ მიხეილ სააკაშვილის სამ მობილურ ტელეფონზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა. ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დაცვის მხარე ითხოვდა, საქმისათვის დაერთოთ ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ეხება. ეს მოთხოვნაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მისთვის სატელეფონო ზარების აღდგენას ითხოვდნენ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა. მისი განმარტებით,​ პატიმრობის კოდექსის მიხედვით, ეს საკითხი მისთვის განსჯადი არ არის.