თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა.
ბრალდების მხარე საგამოძიებო ვადის გაგრძელებასა და სუსლიაკისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ორი თვით გახანგრძლივებას ითხოვდა.
დაცვის მხარემ განაცხადა, რომ იულია სუსლიაკის მეუღლეს, იური სუსლიაკს პროკურატურამ დაკავებულის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა სიმბოლური ჯარიმის ხარჯზე. ადვოკატის თქმით, იური სუსლიაკმა უარი განაცხადა.
იულია სუსლიაკი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეეფარდა.