სასამართლომ არბოშიკში მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა
თელავის რაიონულმა სასამართლომ დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, დაკავებულებისთვის 10-ათასლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ და ბრალდებულებს დავით ჯავახიშვილს, თორნიკე მანჯავიძესა და ტარიელ ლამაზოშვილს პატიმრობა შუფარდა.
წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არც ერთი დაკავებული არ ცნობს. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია.
ყაჩაღობა 5 ნოემბერს არბოშიკში მოხდა. თავდამსხმელებმა 65 წლის ქალი საკუთარ სახლში ჯერ აწამეს, შემდეგ მოკლეს, სახლიდან კი ძვირფასეულობა და ფული წაიღეს.
განზრახ მკვლელობისა და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.