სარდალიშვილმა „შუქურა“ დატოვა - დაინტერესებული კლუბები არიან და სად ვითამაშებ, მალე უნდა გადავწყვიტო #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურა“ ეროვნული ლიგიდან გავარდა და გუნდი მინიმუმ სამმა ლიდერმა დატოვა – ჯეფერსონ ჯერალდომ, გიორგი რეხვიაშვილმა და მიშიკო სარდალიშვილმა.
ცნობილი გახდა, რომ 32 წლის ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი, ჯეფერსონ ჯერალდო წყალტუბოს „სამგურალში“ გააგრძელებს კარიერას. გიორგი რეხვიაშვილსაც კონტრაქტი დაუსრულდა და გუნდი დატოვა. 33 წლის გამოცდილი მცველი ამით უკმაყოფილი არ დარჩებოდა, რადგან გია გეგუჩაძემ მიიწვია და კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს.
დასრულებულ სეზონში „შუქურამ“ 28 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მათი თითქმის ნახევარი, 13 გოლი გუნდიდან წამოსულების ანგარიშზეა. ჯეფერსონ ჯერალდომ 33 მატჩში ანგარიშზე 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ზღვისპირელთა ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ მიშიკო სარდალიშვილი, რომელმაც სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
„წამოვედი იმიტომ რომ ვფიქრობ კიდევ მაქვს ძალა ვითამაშო ეროვნულ ლიგაში. დაინტერესებული კლუბები არიან და სად ვითამაშებ, მალე უნდა გადავწყვიტო. ეროვნული ლიგის გუნდები დამიკავშირდნენ, მაგრამ სად ვითამაშებ, ჯერ ვერ ვიტყვი“, – ამბობს მიშიკო სარდალიშვილი.
29 წლის გამოცდილი ფეხბურთელი გასული სეზონით უკმაყოფილოა, რადგან კორონავირუსმა დიდი დრო წაართვა.
„სეზონი ცუდად არ დამიწყია, მაგრამ მერე მძიმე ფორმით კორონავირუსი მქონდა, რამაც ფორმიდან ამომაგდო. ფილტვების დაზიანება 10 ბალით იყო შეფასებული და 2 კვირა საავადმყოფოში ვიწექი. მერე სახლში ვმკურნალობდი. ყველაფერი იმის ბრალია, რომ COVID-19 აღდგომაზე დამიდასტურდა, საავადმყოფოში დროზე შესვლა ვერ მოვახერხე და როდესაც გადამიყვანეს, უკვე გართულებული მქონდა. ვარჯიში სამ კვირაში დავიწყე, მაგრამ ვგრძნობდი, ძალა და ენერგია 20 პროცენტითაც ვერ აღვიდგინე“.