სარდალიშვილმა „სიონი“ აიკლო - „ჩიხურამ“ მეტოქე გაანადგურა
სარდალიშვილმა „სიონი“ აიკლო - „ჩიხურამ“ მეტოქე გაანადგურა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-14 ტური ბოლნისის თამაზ სტეფანისას სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრით დაიწყო, რომელიც ძალიან მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

ერთმანეთს სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ – „სიონი“ (მეხუთე ადგილი) საჩხერეს „ჩიხურას“ (მეექვსე ადგილი) მხოლოდ ერთი ადგილით და ქულით უსწრებდა, მაგრამ სახლში დიდი ანგარიშით დამარცხდა 0:5.

შეხვედრის გმირი საჩხერელთა შემტევი ნახევარმცველი მიშიკო სარდალიშვილი გახდა. მას დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. ბიძინა მახარობლიძემ (8 წუთი) ანგარიში მისი განვითარებული შეტევის შემდეგ გახსნა, მერე თავად სარდალიშვილმა (10) გაიტანა. მესამედ მასპინძლელთა კარი გიორგი ფანცულაიამ (18) კვლავ მისი გადაცემით აიღო. ბესო დეკანოიძემ (29) ტაიმის ბოლომდე საჩხერელთა უპირატესობა ოთხამდე გაზარდა 0:4. მეორე ტაიმში სარდალიშვილმა (69) დუბლი შასრულა, მეტი გოლი კი აღარ გასულა.

„ჩიხურამ“ გასვლაზე 0:5 მოიგო, 22 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა და არა მხოლოდ დღევანდელ მეტოქე „სიონი“ (20 ქულა, მეექვსე ადგილი) დააქვეითა, არამედ თბილისის „დინამოც“ (მეხუთე ადგილი, 20 ქულა).

სარდალიშვილი კი 7 გოლით ბომბარდირებში დაწინაურდა – ბოლნისელ ჯაბა უგულავას (8 გოლი) ერთი შედეგიანი დარტყმით ჩამორჩება, ხოლო ლაშა შინდაგორიძესთან (საბურთალო, 7 გოლი) და ლევან კუტალიასტან (დინამო თბ, 7 გოლი) მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს.