სარაგბო ლეგიონი | ჩილაჩავას ლელო და ორი ქართველი საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში [ვიდეო] #1TVSPORT
გასულ უქმეებზე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველი და მეორე დივიზონის (TOP 14, PRO D2) მატჩები გაიმართა, რომლებშიც ქართველმა მორაგბეებმაც გამოიჩინეს თავი – ორი მათგანი კი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
TOP 14-ში მე-15 ტური „კასტრისა“ და „ტულონის“ შეხვედრით დასრულდა. მასპინძლებმა 25:17 მოიგეს. „კასტრმა“ ანგარიში ლევან ჩილაჩავას ლელოთი გახსნა. ჩილაჩავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს. ეს მიმდინარე სეზონში მის მიერ დადებული მეორე ლელოა.
„ტულონის შემადგენლობაში ვასილ ლობჟანიძემ 67-ე წუთიდან ითამაშა.
„პომ“, სადაც ბექა გორგაძე და გურამ პაპიძე თამაშობენ, სტუმრად „ბორდო“ 20:10 დაამარცხა. გორგაძე ამ მატჩში მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ხოლო ყოველდღიურმა ფრანგულმა გამოცემამ, „მიდი ოლიმპიკმა“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) გამორჩეული მატჩი ჰქონდა გიორგი ჯავახიას, რომლის „გრენობლმა“ შინ 40:29 მოუგო „ბრივს“. ჯავახიამ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, გრენობლელთაგან ერთი ლელო ლუკა გოგინავამ დადო.
„მიდი ოლიმპიკმა“ ჯავახია ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. გიორგიმ მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და ოთხი ლელო დადო.