„სარაევოსა“ და „ტორპედოს“ მატჩზე დასასწრები 8000 ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა #1TVSPORT
20 ივლისს კონფერენსლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩში „სარაევო“ ქუთაისის „ტორპედოს“, სავარაუდოდ, სავსე ტრიბუნების წინაშე უმასპინძლებს – ინფორმაციას ბოსნიური გამოცემები ავრცელებენ.
ქუთაისში გამართული პირველი მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა. საპასუხო მატჩი ბოსნიის დედაქალაქში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა 17 ივლისს დაიწყო და ნახევარზე მეტი ერთ დღეში გაიყიდა.
გამოცემა sport1.oslobodjenje-ს ცნობით, ამ დროისთვის „ასიმ ფერჰატოვიჩ ჰასეს“ სტადიონზე გასამართი მატჩისთვის 8000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული. მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ყველაზე დიდ სტადიონზე შეხვედრას, მინიმუმ, 15000 გულშემატკივარი დაესწრება. შეხვედრისადმი ინტერესს ისიც ზრდის, რომ ქუთაისში ბოსნიელ გულშემატკივრებთან მომხდარი ინციდენტის გამო ბოსნიურ მედიაში აჟიოტაჟი დღემდე არ წყდება.
„სარაევოსა“ და „ტორპედოს“ მატჩი 20 ივლისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.