„სარაევოს“ ქომაგები საპასუხო მატჩის წინ „ტორპედოს“ მძიმე დახვედრას ჰპირდებიან #1TVSPORT
კონფერენს-ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრის წინ, „სარაევოს“ გულშემატკივრები ქუთაისის „ტორპედოს“ მძიმე დახვედრას ჰპირდებიან – ამის შესახებ ბოსნიური გამოცემა sport.ba წერს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში გამართულ პირველ შეხვედრაზე (2:2) ბოსნიელი გულშემატკივრები (ზედმეტსახელი „ბოროტების ურდო“) პოლიციასთან დაპირისპირების გამო სტადიონიდან გააძევეს და თამაშს ვერ დაესწრნენ.
„კონფერენს-ლიგის პირველ მატჩზე „სარაევოს“ ფანკლუბის ასამდე წევრისგან შემდგარი ჯგუფისთვის საქართველოში მოგზაურობა რამდენიმე მიზეზის გამო დაუვიწყარი გამოდგა. კლუბის გულშემატკივრებმა, რომლებმაც 2500 კილომეტრი გაიარეს საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად, მხოლოდ წინასამატჩო მოთელვას უყურეს.
ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე ქუთაისის ქუჩებში მცირე ინციდენტი მოხდა „სარაევოსა“ და „ტორპედოს“ ქომაგებს შორის (მეტსახელად „ჯუნგლები“), თუმცა სეროზულ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა. მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება პოლიციასა და „სარაევოს“ ფანკლუბის წევრებს შორის სტადიონზე მოხდა. შედეგად, ბოსნიელი ქომაგები სტადიონიდან გააძევეს.
შეხვედრის შემდეგ „სარაევომ“ საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება საქართველოში მათი გულშემატკივრების მიმართ დამოკიდებულების გამო და ქართული მხარე პოლიციის ქმედებების გამო გააკრიტიკა. საპასუხო მატჩი ხუთშაბათს, 20 ივლისს გაიმართება და უდავოა, რომ ქართველებს სტადიონზე „თბილად“ დახვდებიან“, – წერს გამოცემა sport.ba.
„სარაევოს“ და ქუთაისის „ტორპედოს“ საპასუხო მატჩი სარაევოში ხუთშაბათს, 20 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.