„სარაევოს“ მწვრთნელი - „ტორპედოსთან“ წაგებით იმედგაცრუებული ვარ, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ #1TVSPORT
„სარაევოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მირზა ვარეშანოვიჩმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და წაგებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
„მადლობა შესანიშნავ გულშემატკივარს. საწყენია, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ მოვახერხეთ. პირველ ტაიმში თამაში ვერ დავალაგეთ და ბურთის კონტროლი ვერ მოვახერხეთ. მეტოქემ უპირატესობა წაგვართვა, ვერ მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც დასახული გვქონდა.
ჩვენ დღეს ორი კარგი საგოლე შანსი გვქონდა, მაგრამ ბოლო წამებზე გოლი გავუშვით. ამ დროს, მიმაჩნია, რომ უკეთესები და უფრო სახიფათოები ვიყავით, მაგრამ შესაძლებლობებით ვერ ვისარგებლეთ.
მე ვარ ყველაზე იმედგაცრუებული, რადგან წაგებას არ ველოდი. გვჯეროდა, რომ ამ ეტაპის გავლისთვის საჭირო კლასი და ცოდნა გვქონდა, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ სუსტი მეტოქე არ გვყავდა. „ტორპედო“ ახლა სათამაშო რიტმშია, მაშინ როცა ეს ჩვენთვის სეზონის მეორე ოფიციალური თამაში იყო.
არ მინდა, წაგება იღბალს დავაბრალო, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ გაგვიმართლა. რაც შეეხება პენალტების სერიას, ეს ყველაზე ნაკლებად მსურდა, მაგრამ ასე გამოვიდა. ფეხბურთელებს არაფერში ვადანაშაულებ – ამ მარცხზე პასუხისმგებელი მე ვარ“, – განაცხადა „სარაევოს“ მწვრთნელმა.