„სარაევოს“ მწვრთნელი - ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩებისთვის კარგად მოვემზადეთ #1TVSPORT
„სარაევოს“ მწვრთნელი - ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩებისთვის კარგად მოვემზადეთ #1TVSPORT

კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩამდე „სარაევოს“ მწვრთნელმა, მირზა ვარეშანოვიჩმა გუნდის მზადების შესახებ ისაუბრა.

„სერიოზული მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ, ორი კვირა მორავსკე-ტოპლიცეში ვიმყოფებოდით და ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ. მიმაჩნია, რომ კონფერენსლიგისა და ბოსნიის ჩემპიონატის თამაშებისთვის მზად ვართ. ფეხბურთელებს ვაკვირდებოდი და ვხედავდი, რომ ისინი მოუთმენლად ელიან პირველ ოფიციალურ თამაშს.

შეკრებაზე ოთხი საკონტროლო მატჩი ჩავატარეთ, რომელშიც სასურველი დონე ვაჩვენეთ. იმავეს ვაპირებთ ბოსნიის ჩემპიონატსა და ევროპულ შეჯიბრებაზე. ბოლო ამხანაგური მატჩის შემდეგ სარაევოში გავემგზავრეთ და კონფერენსლიგაზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ პირველი მატჩისთვის ვემზადებით.

გუნდის ახალწვეულებით კმაყოფილი ვარ. სუსტ პოზიციებზე გავძლიერდით და ახლა გუნდში დიდი კონკურენცია გვაქვს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში სატრანსფერო ბაზარზე კვლავ ვიაქტიურებთ“, – ამბობს „სარაევოს“ მწვრთნელი.

ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ბოსნია-ჰერცეგოვინის „სარაევოს“ წინააღმდეგ 13 ივლისს „რამაზ შენგელია არენაზე“ გამართავს, 20 ივლისს კი მეტოქეს ბოსნიაში ესტუმრება.