„სარაევოს“ ფანებს გულიაშვილის გუნდიდან გაშვება არ სურთ - ის ჩვენი კვარაცხელიაა #1TVSPORT
„სარაევოს“ ფანებს გულიაშვილის გუნდიდან გაშვება არ სურთ - ის ჩვენი კვარაცხელიაა #1TVSPORT

ბოსნიის ჩემპიონატის ბოლო ტურში გიორგი გულიაშვილმა „სარაევოში“ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა – ყოფილ კლუბთან, „ველეჟ მოსტართან“ გიორგიმ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 23 წლის ქართველი თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ცხრა ტურის შემდეგ ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე ცხრა გოლი და ორი საგოლე გადაცემაა, გულიაშვილი ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა და კონკურენტებს სამი გოლით ასწრებს.

ბოსნიელი ჟურნალისტები და „სარაევოს“ გულშემატკივრები წერენ, რომ კლუბს ბოლო წლებში ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელი არ ჰყოლია. აღსანიშნავია, რომ ბოსნიაში „სარაევო“ ისეთივე სახელოვანი კლუბია, როგორც საქართველოში – „დინამო თბილისი“.

FKS Insider-ი – გულიაშვილი ჩვენი კლუბის კვარაცხელიაა

ხუან კარლოს მოლერო, ჟურნალისტი – „ბოსნიის ჩემპიონატი არ არის მაღალი დონის, მაგრამ მაინც უნდა გამოვარჩიოთ მოთამაშე, რომელმაც „სარაევოში“ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო – გიორგი გულიაშვილი. გასულ სეზონში „ველეჟ მოსტარში“ იჯარით თამაშის შემდეგ „სარაევოში“ დაბრუნებული ქართველი რეკორდს რეკორდზე აუმჯობესებს“.

ბოსნიური გამოცემა BiHFooty

„გიორგი გულიაშვილი, რომელიც ოქტომბერში საქართველოს ნაკრებში პირველად გამოიძახეს, შესანიშნავი შედეგიანობით გამოირჩევა – ცხრა გოლი ცხრა მატჩში. ისიც აღსანიშნავია, რომ მან ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გატანილი ბურთი არ აღნიშნა“.

გულიაშვილის შედეგიან თამაშს „სარაევოს“ ქომაგებიც გამოეხმაურნენ: „დიდი ხანია, ასეთი მოთამაშე არ გვყოლია. გულიაშვილი გუნდიდან არაფრის ფასად არ უნდა გავუშვათ, ის ჩვენი კვარაცხელიაა. ეს „სარაევოს“ ყველაზე წარმატებული ტრანსფერია, გიორგი ნამდვილი მარგალიტია და კლუბის ხელმძღვანელობამ პირველივე მსურველს არ უნდა მიჰყიდოს. თუ ასეთ მოთამაშეს იაფად გავყიდით, არაფრის ღირსები არ ვიქნებით“.