საქართველოსთან მატჩში ჩეხეთს კაპიტანი და თავდამსხმელი გამოაკლდნენ #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრებთან ჩეხეთის გუნდს კიდევ ორი საკვანძო მოთამაშე დააკლდება – სიას ტომას ჰორი და ტომას სოუჩეკი შეუერთდნენ.
გუნდის კაპიტანმა და „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა ტომას სოუჩეკმა შაბათს ალბანეთის წინააღმდეგ თამაშის მე-15 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც 19 ნოემბერს, საქართველოს წინააღმდეგ შეხვედრას გამოტოვებს.
ანალოგიური მიზეზით გუნდს ვერც პრაღის „სლავიის“ ფორვარდი ტომას ჰორი დაეხმარება – ოლომოუცში დაბადებულმა ლამის ორმეტრიანმა თავდამსხმელმა მშობლიურ ქალაქში თამაშის შანსი დაკარგა. მის შემცვლელად ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა პრაღის „სლავიის“ მეორე თავდამსხმელი, ასევე ტანმაღალი (187 სმ) მოიმირ ჰიტილი გამოიძახა, რომელმაც ნაკრებში 17 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
„ლევერკუზენის“ თავდამსხმელის, პატრიკ შიკის არყოფნა წინასწარ იყო ცნობილი, მის გარდა ჩეხებს ასევე დააკლდათ ლადისლავ კრეიჩი (ჟირონა), მარტინ ვიტიკი (სპარტა), ტომას ვლეჩეკი (პრაღის სლავია), იაროსლავ ზელენი (სპარტა) და დავიდ ზიმა (სლავია).
შაბათს ალბანეთთან ტირანაში უგოლო ფრეს (0:0) შემდეგ ჩეხეთის ნაკრები ოლომოუცში გადავიდა, სადაც სამშაბათს ერთა ლიგის ბოლო მატჩს გამართავს და საქართველოსთან ცხრილში პირველი ადგილის დაცვას შეეცდება. ეს ნიშნავს ელიტარულ A დივიზიონში დაწინაურებას და ასევე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკეთეს კალათაში მოხვედრის უპირატესობას.
ჩეხეთის ნაკრებში ამჟამად 22 ფეხბურთელია, სოუჩეკს და ჰორის თამაში არ შეუძლიათ, მაგრამ გუნდში რჩებიან, რადგან თანაგუნდელების წახალისება სურთ. ივან ჰაშეკის ნაკრები ოლომპუცის სტადიონზე ორშაბათს ივარჯიშებს.
ჩეხეთი სატურნირო ცხრილში 8 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი ქულით გვისწრებს. საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის მე-6 ტურში ჩეხეთს ოლომოუცში 19 ნოემბერს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ერთა ლიგის ფინალის ტოლფასის შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.