საქართველოსთან მატჩამდე ნორვეგიის ნაკრებში ისევ პრობლემებია - გუნდს ამჯერად სორლოტი დააკლდა #1TVSPORT
ნორვეგიის ნაკრებს, რომელიც 12 სექტემბერს ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს შეხვდება, სამი მოთამაშე დააკლდა – ინფორმაციას ნორვეგიის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს. ერთ-ერთი მათგანი ალეკსანდრ სორლოტია, რომელმაც საქართველოსთან მარტში ბათუმში გამართულ შეხვედრაში გოლი გაიტანა.
„ალექსანდრე სორლოტი (ესპანური „ვილიარეალის“ ფორვარდი), ანდრეას ანჩე-ოლსენი (გერმანული „მაინცის“ მცველი) და სტიან გრეგერსენი (ფრანგული „ბორდოს“ ცენტრალური მცველი), სამწუხაროდ, ტრავმების გამო მომავალ საერთაშორისო მატჩებს გამოტოვებენ. სტოლ სოლბაკენმა ამ სამეულის ნაცვლად მხოლოდ იესპერ დალანდი გამოიძახა, რომელიც ბელგიური „სერკლ ბრიუგეს“ მცველია“, – წერია ნორვეგიელების მიერ გავრცელებულ ცნობაში.
„გავითვალისწინეთ, რომ შეიძლებოდა რაღაც გაუთვალისწინებელი მომხდარიყო და დიდი შემადგენლობა გამოვიძახეთ. სამწუხაროდ, გრეგერსენი და ანჩე-ოლსენი დაშავდნენ და ვერ დაგვეხმარებიან. სორლოტმა ახალ კლუბში („ვილეარეალი“) თამაში კარგად დაიწყო, ამიტომ სამწუხარო იყო, რომ ისიც ტრავმირებულია.
ჩვენ ახლა დანაკლისი უკანა ხაზში გვქონდა, ორი მცველი ისედაც ვერ დაგვეხმარება და ამიტომ მოვიწვიეთ იესპერ დალანდი, რომელსაც დიდი ხანია ყურადღებით თვალს ვადევნებთ. ის ახალგაზრდაა, ბელგიაში პერსპექტივა აჩვენა და განვითარდა.
ჩვენ მოუთმენლად ველოდებით პირველ თამაშს, რათა დავინახოთ, დაგვჭირდება თუ არა სხვა მოთამაშის დამატება, როცა ახლა მხოლოდ დალანდის მოწვევას დავკმაყოფილდით. ახლა, მისი ჩათვლით, ნაკრებში 24 მოთამაშე გვყავს, რაც საკმარისი რაოდენობაა“, – ამბობს ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი.
ნორვეგიის ნაკრებმა სექტემბრის მატჩებისთვის მზადება ორშაბათს, 4 სექტემბერს დაიწყო. სტოლე სოლბაკენის გუნდი ოსლოში, „ულევაალის“ სტადიონზე ორ მატჩს გამართავს: 7 სექტემბერს საერთაშორისო მატჩში იორდანიის წინააღმდეგ, ხოლო 12 სექტემბერს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის შეხვედრას საქართველოსთან ითამაშებს.