საქართველოსთან მატჩამდე კოსოვოელთა მწვრთნელს გულშემატკივრებმა შეუტიეს - ყველაფერი გააკეთა, შვედეთთან ცუდად რომ გვეთამაშა, უნდა გადადგეს #1TVSPORT
შვედეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მატჩის წაგების (3:0) შემდეგ, კოსოვოს მედია და გულშემატკივრები ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ბერნარდ შალანდის გათავისუფლებას ითხოვენ.
საქართველოს ნაკრებთან 12 ოქტომბრის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე შვეიცარიელმა სპეციალისტმა მოახლოებულ თამაშზე მეტად სწორედ ამ საკითხზე ილაპარაკა. მისი თქმით, გუნდმა კარგი თამაშები ჩაატარა საქართველოსთან, საბერძნეთთან, ესპანეთთან და რომ შვედებთან წაგების მიუხედავად, გუნდში პრობლემები არ არის.
თუმცა, ასე არ ფიქრობენ კოსოვოელი გულშემატკივრები, რომლებმაც კოსოვოს ფედერაციის ოფიციალურ ფეიქსბუქგვერდზე შალანდი მიწასთან გაასწორეს:
„ნაკრებში ამბიციები პრობლემაო. ამის თქმით მწვრთნელი ადასტურებს, რომ გულშემატკივრები მართლები არიან, მის წასვლას რომ ითხოვენ“.
– მწვრთნელმა ყველაფერი გააკეთა, რომ შვედეთთან მატჩში კოსოვოს ეთამაშა ძალიან ცუდად, უაზროდ, სათამაშო კონცეფციის გარეშე. როდესაც შვედეთი გვაპრესინგებდა, მოთამაშეებს ბურთის შენარჩუნებას 10 წამიც არ შეეძლოთ, ნახევარდაცვა საერთოდ არ არსებობდა, თამაშში არ იყო, მთელი ჩვენი თამაში იყო გრძელი გადაცემა დაცვიდან თავდამსხმელ მურიქისკენ. გათვლა იყო, რომ ის საგოლე მომენტს შექმნიდა. ასე მოყვარულები თამაშობენ, რომლებსაც ფეხბურთთან არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ ეს არ არის ეროვნული ნაკრების ფეხბურთი, რომელიც საერთაშორისო სარბიელზე ქვეყანას წარმოადგენს. მწვრთნელი უნდა გადადგეს“.
– შე შარლატანო, წადი სახლში!
– იმედია, მისთვის ბოლო პრესკონფერენციაა.
– დაბერდი და წადი შვეიცარიაში.
– სრული წარუმატებლობა, ჩვენ მხოლოდ ლამაზ სიტყვებს ვისმენთ და ცოტა საქმეს ვხედავთ.
– მოაშორეთ ეს კაცი ნაკრებს!“.