საქართველოში ვიდეორეფერის დანერგვა 2022 წლიდან იგეგმება - თბილისს ფიფა-ს სამუშაო ჯგუფი ესტუმრა #1TVSPORT
ვიდეო ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით, საქართველს ფიფა-ს წარმომადგენლების ორდღიანი ვიზიტი დაიწყო. ისინი სფფ-ის სპეციალურ ჯგუფთან ერთად იმ სამუშაოების შესახებ იმსჯელებენ, რომელიც VAR-ის ტექნოლოგიის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დასანერგადაა საჭირო.
მსაჯის ვიდეო ასისტენტის სისტემის დასანერგად შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფიფა-ს ყოფილი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს. საქართველოში აღნიშნული სისტემის დანერგვა 2022 წლიდან იგეგმება.
„უკვე დიდი ხანია, ვიდეორეფერის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებით ფიფა-სთან მუშაობა დავიწყეთ. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული სისტემის ეროვნულ ჩემპიონატში დანერგვა და უკვე 2022 წლიდან შევძლოთ მისი გამოყენება. ორი დღის განმავლობაში ვიმსჯელებთ ყველა იმ პროცედურის შესახებ, რაც სავალდებულოა იმისათვის, რომ ფიფა-სგან ლიცენზია მივიღოთ და ჩემპიონატში ვიდეორეფერით სარგებლობის უფლება მოგვეცეს. პროცესი მოიცავს მსაჯების გადამზადებას, ტექნიკური აღჭურვილობისა და სატელევიზო გადაღების გამართვას. ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ ყველა დეტალს და შედგება სამუშაო გრაფიკი. სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში აღნიშნული პროცესი გახანგრძლივდა, თუმცა, სასიხარულოა, რომ აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელებმა უკვე შეძლეს საქართველოში ჩამოსვლა. იმედი მაქვს, მათი დახმარებით, ჩვენ ჩემპიონატში ამ სისტემის დანერგვას მალე შევძლებთ“, – ამბობს სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.
გიორგი ვადაჭკორია, VAR- ის პროექტის ხელმძღვანელი: „VAR-ის სისტემის საქართველოში დანერგვის პროცესი მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დავიწყეთ და შეხვედრები ონლაინ ფორმატით იმართებოდა. დღეს ფიფა-ს წარმომადგენლებმა უკვე მოახერხეს საქართველოში ჩამოსვლა და პროექტთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას ისინი უშუალოდ გაგვიზიარებენ“.