საქართველოში უეფა-სა და დისნეის ახალი პროექტი იწყება - დავით მუჯირის თქმით, მონაწილეობას ბევრი სკოლა აპირებს #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაცია უეფა-სა და დისნეის ახალი პროექტის „ფლეიმეიქერსის“ საქართველოში განხორციელებას იწყებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 ლოკაციას მოიცავს.
პროცესში ჩართული იქნებიან, როგორც კერძო სკოლები, ასევე ვაჟთა საფეხბურთო აკადემიები და #WePlayStrong-ის საქართველოს ფილიალები. „ფლეიმეიქერსის“ საქართველოში განსახორციელებლად ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელები სპეციალური პროგრამით გადაამზადა.
ლოკაციებს უზრუნველყოფენ შესაბამისი ინვენტარით. პროექტში მონაწილეობა ბავშვებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ. პროექტ „ფლეიმეიქერსის“ ვარჯიშები დისნიეს ანიმაციების თემატიკითაა შედგენილი და სახალისო აქტივობების დახმარებით, ფეხბურთში 5-8 წლამდე გოგონების ჩართვას ისახავს მიზნად.
პირველ ღონისძიებას, რომელსაც ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ უმასპინძლა, სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი ქეთი ყიფიანი ესწრებოდნენ.
„მოხარული ვარ, რომ უეფა-სთან ერთად მორიგი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ძალიან სასიამოვნოა, რომ მაღალი აქტივობაა და ბავშვებს უხარიათ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მცირე ასაკიდან შევაყვაროთ ფეხბურთი და არა მხოლოდ ეს, აქ საუბარია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაზე. სასიხარულოა, რომ საქართველოს მასშტაბით საკმაოდ ბევრი სკოლა დაინტერესდა და ჩაერთო „ფლეიმეიქერსის“ პროგრამაში“, – განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა.