საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩს ლატვიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება - ტრეიმანისს საქართველოს ნაკრების თამაშები აქამდეც უმსაჯია #1TVSPORT
ცნობილი გახდა, რომ ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების პირველ შეხვედრას ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ლატვიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარი მსაჯი ანდრის ტრეიმანისი იქნება, რომელსაც ჰარალდს გუდერმანისი და ალეკსეის სპასიონიკოვსი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯად კი ალექსანდრე გოლუბევი იმუშავებს.
ანდრის ტრეიმანისი 38 წლისაა. პირველი მატჩი ლატვიის უმაღლეს ლიგაში 2006 წლის 21 ოქტომბერს ჩაატარა. ხუთი წლის შემდეგ, 2011 წელს ფიფას არბიტრის სტატუსი მიიღო და საერთაშორისო დონეზე სადებიუტო შეხვედრა 30 ივნისს განსაჯა – ევროპის ლიგაზე აზერბაიჯანული „აზალისა“ და „მინსკის“ (1:1) მატჩი.
ჩემპიონთა ლიგაზე ანდრის ტრეიმანისი უეფა-მ პირველად 2013 წლის 24 ივლისს მიავლინა, სადაც სლოვენიური „მარიბორისა“ და მალტის „ბირკირკარას“ მატჩს მოემსახურა. 2019 წელს კი 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის (ბრაზილია-მექსიკა) არბიტრი იყო.
ანდრის ტრეიმანისს ორჯერ აქვს ნამსაჯი საქართველოს ნაკრების მატჩი – 2012 წელს ეგვიპტესთან (0:0) და 2014 წელს ლიხტენშტეინთან (2:0) ამხანაგური შეხვედრები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის მატჩი 28 მარტს ბათუმში გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.