საქართველოსა და ფარერის კუნძულების ნაკრებების მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოსა და ფარერის კუნძულების ნაკრებების მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისში, „დინამო არენაზე“ ამხანაგურ შეხვედრას ფარერის კუნძულების ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები

ვილი სანიოლმა ივნისის შეკრებისთვის ექსპერიმენტული შემადგენლობა აირჩია. მატჩს გამოტოვებენ გუნდის წამყვანი ფეხბურთელები: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია.

ამასთან, ირაკლი აზაროვი და საბა გოგლიჩიძე 21-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდნენ და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. დაშავდნენ გიორგი ზარია და ბუდუ ზივზივაძე, რომლებმაც შეკრება ნაადრევად დატოვეს. სანიოლმა მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა – ნაკრებს აზერბაიჯანული „ზირას“ თავდამსხმელი დავით ვოლკოვი შეუერთდა.

ფარერის კუნძულების ნაკრები

წლების განმავლობაში ფარერის კუნძულების ეროვნული ნაკრები ევროპის სუსტი გუნდების სიაში ითვლებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში წინსვლა შეიმჩნევა.

2019–2024 წლებში ფარერების ნაკრებს შვედი სპეციალისტი ჰოკან ერიქსონი წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2020/21 წლების ერთა ლიგის D დივიზიონი მოიგო და C დივიზიონში დაწინაურდა. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება ამ გუნდმა 2022 წლის სექტემბერში თურქეთის წინააღმდეგ (2:1) მოიპოვა, რასაც ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია მოჰყვა – ფარერების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი.

2024 წლის ოქტომბერში ერიქსონი გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი ეიდუნ კლაკშტეინი დროებით მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სომხეთი 1:0 დაამარცხა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო, რის შედეგადაც ერთა ლიგის C დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. კლაკშტეინს სრულფასოვანი კონტრაქტი 2025 წლის თებერვალში გაუფორმეს – ის ფარერების პირველი ადგილობრივი მთავარი მწვრთნელია იოგვან მარტინ ოლსენის შემდეგ, რომელიც ნაკრებს 2006–2008 წლებში ავარჯიშებდა.

გიორგი ლორიას გაცილება

ფარერის კუნძულების წინააღმდეგ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებიდან გულშემატკივარი გიორგი ლორიას გააცილებს. როგორც გამოცდილმა მეკარემ აღნიშნა, 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. 39 წლის ფეხბურთელის დებიუტი „ჯვაროსნების“ რიგებში 2008 წელს შედგა და მას შემდეგ ეროვნული გუნდის მაისურით 78 შეხვედრა ჩაატარა.

სხვაობა გუნდების ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასებში

საერთაშორისო ანალიტიკური პორტალის, Transfermarkt-ის მონაცემებით, საქართველოს ნაკრებს ამჯერად დააკლდა ფეხბურთელები, რომელთა ჯამური სატრანსფერო ღირებულება 169 მილიონ ევროს აღწევს. ამ შეკრებაზე მყოფი ქართველი მოთამაშეების საერთო შეფასება კი 21.04 მილიონი ევროა.

შედარებისთვის, ფარერის კუნძულების ნაკრების მთელი გუნდის სატრანსფერო ღირებულება 4.7 მილიონ ევროს არ აღემატება, რაც მიუხედავად საქართველოს ნაკრების შეცვლილი შემადგენლობისა, მასპინძლებს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს.

ურთიერთშეხვედრები

საქართველოსა და ფარერის კუნძულების ეროვნულმა გუნდებმა ერთმანეთთან ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშეს. 2006 წლის 16 აგვისტოს სტუმრად გამართული შეხვედრა საქართველომ 6:0 მოიგო, ხოლო თბილისში ქართველმა ფეხბურთელებმა 2007 წლის 28 მარტს მეტოქე 3:1 დაამარცხეს.