საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩს გერმანელი დანიელ ზიბერტი განსჯის - მას თბილისში ადრეც უმსაჯია #1TVSPORT
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩს გერმანელი დანიელ ზიბერტი განსჯის - მას თბილისში ადრეც უმსაჯია #1TVSPORT

უეფა-მ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩზე გერმანელი არბიტრი დანიელ ზიბერტი დანიშნა. მისი ასისტენტები თანამემამულეები – იან საიდელი და რაფაელ ფოლტინი იქნებიან, მეოთხე მსაჯი ფლორიან ბადშტუბნერია, ვიდეორეფერები კი – მარკო ფრიცი და პასკალ მიულერი.

39 წლის ზიბერტმა საქართველოს დედაქალაქში ესპანეთის ნაკრების მატჩი რვა წლის წინაც განსაჯა – მაშინ თბილისი 19-წლამდელთა ნაკრებების ელიტრაუნდის შეხვედრებს მასპინძლობდა, ესპანეთის ნაკრებს კი მათი ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტე ხელმძღვანელობდა.

ამ ტურნირზე ზიბერტმა ჯერ საქართველოსა და პორტუგალიის თამაში (2:3) იმსაჯა, სადაც გიორგი დევდარიანის გუნდის წინააღმდეგ „ლივერპულის“ ამჟამინდელმა თავდამსხმელმა, დიოგუ ჟოტამ ითამაშა. 3 ივნისს კი გერმანელი არბიტრი ჯგუფის ლიდერების, პორტუგალიისა და ესპანეთის შეხვედრას გაუძღვა, რომელიც დე ლა ფუენტეს გუნდმა 4:0 მოიგო.