საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე ისრაელის ბრიგადა იმსაჯებს #1TVSPORT
უეფა-მ არბიტრების დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღო – ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩს ისრაელის მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება.
ჯგუფის ლიდერის, ვილი სანიოლის გუნდის მატჩს პრინციპულ მეტოქესთან და კონკურენტთან, რომელიც სკოპიეში 9 ივნისს გაიმართება, 41 წლის საერთაშორისო მსაჯი როი რაინშრაიბერი განსჯის.
ისრაელის წარმომადგენელი საკამოდ მკაცრი მსაჯია. მან ბოლო 10 მატჩიდან 9-ში 6-ზე მეტი ყვითელი ბარათი აჩვენა. ბოლო 10 მატჩიდან 5 შემთხვევაში მოედნიდან ფეხბურთელი გააძევა. ამავე დროს, ბოლო 9 მატჩიდან 8-ში პენალტი არ დაუნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ებრაელი არბიტრი სამჯერ მიიწვიეს საბერძნეთის დასრულებულ სეზონში სუპერლიგის მატჩის განსასჯელად. ბოლოს, მაისში „ოლიმპიაკოსისა“ და „პანათინაიკოსის“ დერბიზე დანიშნეს.
აღსანიშნავია, რომ 41 წლის არბიტრმა დსრულებულ ევროსეზონში ევროპის ლიგის ჯგუფში ორი მატჩი ჩაატარა – „ფერენცვაროში“- „ბეტისი“ (1:3) და „მიდტიულანდი“-„ცრვენა ზვეზდა“ (1:1).