საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ეკონომიკურ და ტექნიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ეკონომიკურ და ტექნიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ძი იენჩიმ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

მთავრობებს შორის ეკონომიკური და ტექნიკური შეთანხმების ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა საქართველოსთვის გამოყოფს უსასყიდლო დახმარებას 100 მილიონი იუანის (დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით, რომელიც საქართველოში საბაჟო-გამშვები პუნქტებისთვის საინსპექციო სისტემების შეძენას მოხმარდება.

უსასყიდლო დახმარების ფარგლებში შეძენილი ტექნიკის მიმღები იქნება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

აღნიშნული დახმარების ფარგლებში შეძენილი აღჭურვილობა უზრუნველყოფს საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, მიზნობრივი საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ხელს შეუწყობს უსაფრთხოების დაცვას და იმავდროულად, შეამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია კანონიერი და ეფექტიანი სავაჭრო თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2005 წლიდან დღემდე, გრანტების სახით უკვე გამოყოფილია დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარი, ხოლო შეღავათიანი სასაქონლო კრედიტის სახით – დაახლოებით 4.3 მლნ აშშ დოლარი.

აღნიშნული უსასყიდლო დახმარებებით/უპროცენტო სასაქონლო კრედიტით ფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა ხორციელდება მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა და მიმდინარეობს ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის (ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობა სენაკსა და თელავში) ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობაში ირიგაციისა და სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერა, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და მოწყობილობებით.

ამასთან, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ჯანსაღი ცხოვრების წესის, მეწარმეობის, ინოვაციებისა და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბების შექმნის პროექტის განხორციელება.