ბარსელონაში მიმდინარე ევროპის საწყალბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა. ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი უთავრესი ფავორიტი, უნგრეთის ნაკრები იყო.
მატჩი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიშიც გახსნეს, თუმცა პირველ შესვენებამდე უნგრელებმა ამას სამი გოლით უპასუხეს.
მეორე პერიოდში, როდესაც ანგარიში 4-2 იყო, საქართველოს ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირების შანსი მიეცა, თუმცა ხუთმეტრიანი საჯარიმო უნგრელთა მეკარემ მოიგერია. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს და მეორე შესვენებაზე ანგარიშით 5-3 გავიდნენ.
მესამე პერიოდში ჩვენი გუნდი კიდევ რამდენჯერმე იყო ახლოს ანგარიშის მინიმუმამდე შემცირებასთან, თუმცა უნგრელთა გამოცდილებამ მაინც გადაწონა და ბოლოსწინა მეოთხედი ანგარიშით 8-5 დასრულდა.
გადამწყვეტ პერიოდში უნგრელებმა ზეწოლას უმატეს და საბოლოოდ ეს მატჩი ანგარიშით 11-5 მოიგეს.
მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები გერმანიის წინააღმდეგ 18 ივლისს გამართავს.