საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მსოფლიო ლიგის სუპერფინალი მერვე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
თბილისი წყალბურთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს, მსოფლიო ლიგის სუპერფინალს მასპინძლობს. პირველი ივლისი მსოფლიო ლიგის სუპერფინალის ბოლო სათამაშო დღეა.
მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში სსაქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ბოლო მატჩი საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან გამართა. ოთხივე პერიოდი ფრანგების საგრძნობი უპირატესობით წარიმართა და ჩვენმა მეტოქემ ანგარიშით 5:10 გაიმარჯვა.
ამგვარად, მსოფლიო ლიგის სუპერფინალის პრესტიჟული ტურნირი ჩვენმა ნაკრებმა მერვე ადგილზე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში იაპონია საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (13:12), მეორე მატჩი კი მონტენეგროს ძლიერ ნაკრებთან დათმო (8:19). B ჯგუფის ბოლო მატჩში საქართველო შეერთებული შტატების ნაკრებს დაუპირისპირდა, ანგარიშით 9:13 დამარცხდა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
მომდევნო ეტაპზე, 1/4 ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდი საბერძნეთის ნაკრებს შეხვდა. მთელი მატჩი ბერძნების დამაჯერებელი უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოო ანგარიშზე აისახა – 8:20.
მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრები ყაზახეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა. დრამატული მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც ყაზახეთის ნაკრებს უფრო გაუმართლა.
19:35 საათზე საქართველოს პირველი არხი ტურნირის ფინალურ მატჩს შემოგთავაზებთ, რომელშიც ერთმანეთს მონტენეგროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები დაუპირისპირდებიან.