საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ევროთასის ფინალში ითამაშებენ #1TVSPORT
სერბული კლუბი „რადნიჩკი“ წყალბურთში ევროპის თასის ფინალში გავიდა. კრაგუევაცის გუნდში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრები – ვატო დადვანი, დუშან ვასიჩი და ბორის ვაპენსკი თამაშობენ.
ევროთასის ნახევარფინალში „რადნიჩკი“ ზაგრების „მლადოსტს“ დაუპირისპირდა და 15:8 (5:4, 2:1, 4:3, 4:0) მოიგო. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ხორვატული კლუბის გამარჯვებით დასრულდა – 13:10, თუმცა საპასუხო შეხვედრაში „რადნიჩკიმ“ წარმატებით ითამაშა და ფინალში გავიდა.
ნახევარფინალური შეხვედრის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ნაკრების წყალბურთელებმა. ვატო დადვანის ანგარიშზე ოთხი გოლია, დუშან ვასიჩმა – ორი, ბორის ვაპენსკიმ კი ერთი გოლი გაიტანა.
ფინალში „რადნიჩკი“ იტალიურ „პრორეკოს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ესპანურ „საბადელს“ ორი მატჩის ჯამში 26:16 სძლია.