საქართველოს ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატზე 75 წლის სპორტსმენმა იჭიდავა (ვიდეო)
საქართველოს ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატზე 75 წლის სპორტსმენმა იჭიდავა (ვიდეო)
თბილისის ძიუდოს აკადემიაში ვეტერანთა შორის საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონატის მონაწილენი 30 წელს გადაცილებული სპორტსმენები იყვნენ – სულ ჩემპიონობისთვის 80 სპორტსმენი იბრძოდა.
შეჯიბრებაში გამარჯვებულები რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში ირკვეოდა. ყველაზე ასაკოვანი სპორტსმენი 75 წლის კასპელი გიორგი ბეინაშვილი იყო, რომელმაც ფინალში 68 წლის თელაველ გიორგი თვალიაშვილს დიდი წინააღმდეგობა გაუწია.
გამარჯვებულებიდან 5 საუკეთესო სპორტსმენი შეირჩევა და საქართველოს ევტერან ძიუდოისტთა ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩეპიონატებზე იასპარეზებს.
„წლებია სპორტს მივდევ, კარიერის შემდეგ ბავშვებს ვავარჯიშებ და ცნობილ მოჭიდავეებზე წიგნები გამოვეცი, ბევრ მათგანზე ლექსებიც დამიწერია. მიხარია, რომ ასაკის მიუხედავად, ჭიდაობის საშუალება ისევ მომეცა“ – ამბობს გიორგი ბეინაშვილი, ვეტერანი ძიუდოისტი.
ალექსი დავითაშვილი, ვეტერან ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი: „მეორე წელია, რაც ვეტერანთა ჩემპიონატი ტარდება, გამარჯვებულები კი უცხოეთში მიდიან. ნაკრები წელსაც ჩამოყალიბდება და ევროპისა და მსოფლიოს ჩეპიონატებზე მედლების მოპოვებას შევეცდებით. შარშან მე მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის ასეთი ტიტულებიც მნიშვნელოვანია“.
ოლეგ ზურაბიანი, ვეტერან ძიუდოისტთა ფედერაციის პრეზიდენტი: „30 წლის შემდეგ ძიუდოისტები კარიერას ასრულებენ და სპორტში დარჩენას ყველა ვერ ახერხებს. საქართველოს ვეტერანთა ჩემპიონატის მიზანია, რომ ეს ხალხი შემოვიკრიბოთ და ტურნირი მასობრივი გავხადოთ. ტენდენცია ამაზე მიოუთითებს – შარშან ვეტერანთა ჩემპიონატში 50 ძიუდოისტი მონაწილეობა, წლეულს კი ტატამზე 80-ზე მეტი სპორტსმენი გამოვიდა. იმედია, მოვაალ წელს კიდევ უფრო მასობრივი გახდება“.